ახალი ამბები

აშშ საქართველოს რევოლუციის წლისთავზე კვლავაც დახმარებას აღუთქვამს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა და საზღვრის დაცვის საქმეში.
 
“ჩვენ კარგად ვიმუშავეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობასთან. რა თქმა უნდა, კვლავაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მზად ვართ დავეხმაროთ მათ ეკონომიკის განვითარებაში, კორუფციის დაძლევასა და საქართველოს საზღვრებისა და ტერიტორიის დაცვაში, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ისე მათი მეზობლებისა და მთელი რეგიონისთვისაც“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 16 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
 
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთი წლის თავზე, რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, “ჩვენ არ ვაფასებთ უცხოურ მთავრობებს ერთი, ორი ან ხუთი წლის შემდეგ. ისინი, პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, რაც დემოკრატიულობის ნიშანია“.
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაუჭირა მხარი საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  და ამ მიმართულებითაც დახმარება აღუთქვა.

მსგავსი/Related

Back to top button