ახალი ამბები

ხაინდრავამ ტალვიტიეს სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება გააცნო

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა დღეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიკი ტალვიტიეს შეხვდა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პორცესებზე ესაუბრა.
 
გოგა ხაინდრავას თქმით, რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის პრინციპული პოზიცია იმ შეთანხმებების განხორციელებას შეუწყობს ხელს, რასაც მხარეება აქამდე მიაღწიეს. “მათ შორის, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ 5 ნოემბერს სოჭში მიღწეული შეთანხმების, რომელსაც ხელს რუსეთის მხარეც აწერს”, განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გოგა ხაინდრავამ.
 
“ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია იმ პროექტების ბედი, რომლებიც მათი დაფინანსებით ცხინვალის რეგიონში უნდა განხორციელდეს, რაც რეგიონის დემილიტარიზაციის გარეშე ეფექტური ვერ იქნება”, დასძინა ხაინდრავამ.
 
ჰეიკი ტალვიტიეს თქმით, რომელიც 17 ნოემბერს ცხინვალში გამგზავრებასაც გეგმავს, ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საკითხში და აწარმოოს დიალოგი რუსეთთან.
 
5 ნოემბერს სოჭის შეხვედრაზე, რომელსაც ეუთო-სთან ერთად რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რეგიონის დემილიტარიზაციაზე შეთანხმდენენ.   

მსგავსი/Related

Back to top button