ახალი ამბები

ოსური მხარე მზად არის ცხინვალის სიახლოვიდან ჯარები გაიყვანოს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასიევის განცხადებით, ოსური მხარე მზად არის კონფლიქტის ზონიდან საკუთარი შენაერთები გაიყვანოს, იუწყება “ინტერფაქსი“ 16 ნოემბერს.
 
“ზაფხულში გართულებული ვითარების შემდეგ ცხინვალის სიახლოვეს 500 სამხედრო განთავსდა. ჩვენ მზად ვართ სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდარავას წინადადება გავითვალისწინოთ და აღნიშნული შენაერთები ჯავის რაიონში გადავიყვანოთ”, განაცხადა იბრაგიმ გასიევმა.
 
კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პირველი ეტაპი 15 ნოემბერს სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების დემონტაჟით და სანგრების ამოქოლვით დაიწყო.
 
15 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, გაცილებით რთული და ხანგრძლივი იქნება მოსახლეობიდან იარაღის ამოღებისა და კონფლიქტის ზონის განაღმვის პროცესი.


5 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის სოჭში მიღწეული შეთანხმების მიხედვით კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია 20 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს.


 

მსგავსი/Related

Back to top button