ახალი ამბები

აფხაზეთში დაძაბულობამ ნაწილობრივ იკლო, რაც ოპოზიციამ მთავრობის შენობა დატოვა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ 15 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატებთან რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების იმედი არსებობს. 
 
“დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა უახლოეს საათებშიც, შევძლებ მოვიწვიო ორივე მათგანი ერთად, რათა არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების  ერთადერთი სწორი გზა მოვძებნოთ“, აცხადებს “იტარ-ტასი“ ნოდარ ხაშბას სიტყვებზე დაყრდნობით.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტებმა, რომლებმაც 12 ნოემბერს სამთავრობო შენობები დაიკავეს, უკვე გაათავისუფლეს ადმინისტრაციის ოფისები.     
 
15 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტის ვალერი არშბას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის ოფისი ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება.
 
თუმცა, პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა და აფხაზეთის მთავრობის წევრები ჯერ თავიანთ სამუშაო ადგილებს არ დაბრუნებიან. “რეგნუმის“ ცნობით, ხაშბა ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.
 
პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ ასევე განაცხადა, რომ იგი სრულად აკონტროლებს თავდაცვის და უშიშროების ორგანოებს, თუმცა, დასძინა, რომ “გარკვეული პრობლემები არსებობს სოხუმის პოლიციასთან მიმართებაში“.
 
აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნოდარ აშუბამ “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ პარლამენტარები და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.
 
“პარლამენტს ამჟამად შინაგად საქმეთა სამინისტროს ძალები იცავენ“, დასძინა მან.
 
დაძაბულობა რეგიონში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციამ მთავრობის შენობა დაიკავა. 12 ნოემბრის არეულობას აფხაზი პროფესორის თამარ შარკილის სიკვდილი მოჰყვა.    
 
ნოემბერში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ კრიზისის მოგვარების ორი გზა არსებობს: პირველი – პარლამენტის გადაწყვეტილება და მეორე – საყოველთაო კრების მოწვევა. ეს უკანასკნელი 12 ნოემბერს მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
 
აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 29 ოქტომბერს გამოსცა განკარგულება, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა ორი თვის ვადაში რეგიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარება. ბაღაფშმა არძინბას განკარგულებას “უკანონო“ უწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button