ახალი ამბები

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ბაღაფშს და ხაჯიმბას შეხვდა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ 15 ნოემბერს ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკებები პრეზიდენტობის კანდიდატებთან რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშთან, იუწყებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.


“დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა უახლოეს საათებშიც, შევძლებ მოვიწვიო ორივე მათგანი ერთად, რათა არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების  ერთადერთი სწორი გზა მოვძებნოთ“, აცხადებს “იტარ-ტასი“ ნოდარ ხაშბას სიტყვებზე დაყრდნობით.


გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტებმა, რომლებმაც 12 ნოემბერს სამთავრობო შენობები დაიკავეს, უკვე გაათავისუფლეს ადმინისტრაციის ოფისები.     


15 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტის ვალერი არშბას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის ოფისი ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება.


თუმცა, პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა და აფხაზეთის მთავრობის წევრები ჯერ თავიანთ ოფისებში არ დაბრუნებულან. “რეგნუმის“ ცნობით, ხაშბა ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.  

მსგავსი/Related

Back to top button