ახალი ამბები

ბაღაფში აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს

14 ნოემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “როსბალტ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.


ბაღაფშმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მისი გამარჯვება 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არ იყო იმის შედეგი, რომ ხალხმა მას დაუჭირა მხარი, არამედ ამომრჩეველმა ხმა მისცა “იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთში ომის შემდგომ წლებში. ხალხს ცვლილებები, ეკონომიკური რეფორმები და კრიმინოგენული სიტუაციის გაუმჯობესება სურს“.


სერგეი ბაღაფშმა ასევე ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომელთაც 12 ნოემბერს ჰქონდა ადგილი, როდესაც ბაღაფშის მხარდამჭერებმა სოხუმში შტურმით აიღეს სამთავრობო შენობები. ბაღაფშმა გააფრთხილა ოპოზიცია, რომ სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მომხრეები გამოიყენებდნენ თამარ შაკრილის, 78 წლის ენათმეცნიერი ქალბატონის სიკვდილის ფაქტს, რომელიც პარლამენტის შენობის შტურმის დროს დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, რათა ყველა ცოდვა ოპოზიციას გადააბრალოს.


ბაღაფშმა უარყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის ხალხი ვინც ეწინააღდეგებოდა რაულ ხაჯიმბას, მხარს უჭერდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მათ “სულელური“ უწოდა. ბაღაფში აცხადებს, რომ იგი არ აპირებს რუსეთთან “ბრძოლას“.


“ვიცით, რომ აფხაზეთში ვერაფერი ვერ გაკეთდება რუსეთის გარეშე“, განაცხადა ბაღაფშმა ინტერვიუში, “რუსეთის გარეშე, საქართველო გადაგვყლაპავს“.          

მსგავსი/Related

Back to top button