ახალი ამბები

კოკოითი საქართველოს მთავრობაში “მშვიდობისა” და “ომის პარტიებზე” საუბრობს

14 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს.

ინტერვიუში კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არსებობენ ე.წ. “მშვიდობისა” და “ომის პარტიები.“ ამ უკანასკნელს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი მიაკუთვნა, მშვიდობისმყოფელთა რიცხვს კი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაიდრავა მიაკუთვნა.

“შეიძლება ითქვას, რომ როგორც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ასევე შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეს ხაინდრავას დიდი წვლილი შეაქვთ მშვიდობის შენარჩუნების საქმეში“, განუცხადა კოკოითმა “რუსთავი 2“-ს 14 ნოემბერს.


“შიდა ქართლის გუბერნატორის მცდელობა კი, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები, მიმართულია დაძაბულობისაკენ”, დასძინა კოკოითმა.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში იმყოფება, განაცხადა, რომ დემილიტარიზაცია “რთული და გრძელი პროცესია“.


გოგა ხაინდრავა კონფლიქტის ზონაში 11 ნოემბრიდან იმყოფება, სადაც იგი 5 ნოემბერს სოჭში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას ადევნებს თვალს. 

მსგავსი/Related

Back to top button