ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ბაღაფშსა და ხაჯიმბას დიალოგისკენ მოუწოდებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ მოუწოდა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს სერგეი ბაღაფშს, რომელიც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და რაულ ხაჯიმბას, რომელიც განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, “მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიგიდას”.


“ეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია”, აცხადებს “რია ნოვოსტი” ნოდარ ხაშბას 14 ნოემბრის განცხადებაზე დაყრდნობით.


მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობამ, რომელმაც სამთავრობო შენობები ოპოზიციის 12 ნოემბრის შტურმის შემდეგ დატოვა, შეიმუშავა ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა, “რომელიც უკვე ხორციელდება”. თუმცა, ხაშბამ ამ გეგმის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.


დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა უარყო ოპოზიციის მტკიცება, რომ ხელისუფლებამ სამთავრობო რეზიდენციაში შეჭრისას 12 ნოემბერს ცეცხლი გახსნა. ამ მღელვარების შედეგად ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა.


“აფხაზეთის მთავრობას ხელთ აქვს დოკუმენტური მასალა, სადაც დაფიქსირებულია ყველა ის, ვინც ღიად მოუწოდებდა სამთავრობო შენობებში შეჭრისა და ლეგიტიმური ხელისუფლების განდევნისაკენ”, აცხადებს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი/Related

Back to top button