ახალი ამბები

საქართველო რუსი სამშვიდობოების სოხუმში თავმოყრის გამო პროტესტს გამოთქვამს

13 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი და გადასცეს ნოტა, სადაც საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს რუსული სამშვიდობო ძალების დანაყოფების სოხუმში გადაყვანის ფაქტს. 


რუსული სამშვიდობო ძალები, რომლებიც  კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით მოქმედებენ, აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არიან განლაგებულნი.


“რუსეთის მხარის ეს ქმედება მიმართულია სიტუაციის ესკალაციისაკენ და წარმოადგენს აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას”, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების 13 ნოემბრის განცხადებაში.


საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 13 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო ძალების მანდატის უხეში დარღვევით, გალის რაიონში დისლოცირებული სამხედრო ტექნიკის მიერ უსაფრთხოების ზონის დატოვება და სოხუმის მიმართულებით გადაადგილება “დაადასტურეს გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმაც”.


“რუსი სამშვიდობოების განმარტებით აღნიშნული გადაადგილება განხორციელდა სოხუმის ერთ-ერთ სანატორიუმში განლაგებული სამშვიდობოების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქართული მხარე წინასწარ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული ამ გადაადგილების შესახებ”, დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button