ახალი ამბები

რუსული პრესა აფხაზეთის შესახებ

რუსულ პრესაში აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა, სადაც ძირითადად არსებული კრიზისის შეიარაღებულ დაპირისპირებაში შესაძლო გადაზრდის გამო გამოიხატა შეშფოთება. რუსეთის გავლენიანი გამოცემების უმეტესობა აღიარებს, რომ ოპოზიციის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და სახელისუფებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას ძალიან გაუჭირდებათ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლა, რომელიც რეგიონში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წარმოიშვა და 12 ნოემბერს ოპოზიციის მიერ სოხუმში განთავსებული სამთავრობო შენობების აღების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.
 
გაზეთი “კომერსანტი”  აცხადებს, რომ 12 ნოემბრის მოვლენებმა “კონფლიქტის მხარეებს შორის კომპრომისი პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა“.
 
“ამჟამად, იმის საშიშროება დგას, რომ ეს დაპირისპირება ახალ სამოქალაქო ომში გადაიზრდება. საქართველო და რუსეთი უნდა ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში“, აცხადებს “კომერსანტი“.
 
გაზეთი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თამარ შაკრილის, 78 წლის ენათმეცნიერი ქალბატონის, რომელიც პარლამენტის შენობის შტურმის დროს დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ნათესავები აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ნოდარ ხაშბას ადანაშაულებენ, რომლის ბრძანებითაც დაცვამ ცეცხლი გახსნა. “ეს გაცილებით ცუდი ტენდენციაა აფხაზეთის ხელისუფლებისთვის … სოხუმში ხმები დაირხა, რომ შაკრილის ნათესავები ნოდარ ხაშბას შურისძიებით ემუქრებიან, თუ იგი დაუყოვნებლივ არ დატოვებს აფხაზეთს“, აცხადებს “კომერსანტი“.
 
ნოდარ ხაშბამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიკავა. ამ თანამდებობამდე იგი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში მსახურობდა.
 
გაზეთი “იზვესტიაც” იმ დასკვნას აკეთებს, რომ კომპრომისი მხარეებს შორის თითქმის შეუძლებელია. “იზვესტია“ აღნიშნავს, რომ “აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების შესრულებას მხოლოდ  მოკლევადიანი სამოქალაქო ომის შედეგად შეძლებს, აფხაზეთი კი სწორედ ამის ზღვარზე იმყოფება“.
 
“ნეზავისიმაია გაზეტა” აცხადებს, რომ სოხუმში ამჟამად ორი მთავრობაა – ერთს ოპოზიცია აკონტროლებს, ხოლო მეორეს დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა.
 
“სერგეი ბაღაფში უკვე აყალიბებს თავის მთავრობას და პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. იგი უკიდურესად კატეგორიულია და არ აპირებს ოპონენტებთან კომპრომისზე წასვლას. ბაღაფშიც განცხადებით, არძინბა-ხაჯიმბას გუნდის მიერ შემუშავებული სცენარის მიხედვით ძალაუფლება ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას ხელში უნდა გადავიდეს“, აცხადებს “ნეზავისიმაია გაზეტა“.


“ეს სცენარი წარუმატებლობისთვისაა განწირული. ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი“, აცხადებს “ნეზავისიმაია გაზეტა“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
სახელმწიფო გაზეთმა “როსიისკაია გაზეტამ “ 15 ნოემბერს ორი სტატია გამოაქვეყნა – ერთი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო მეორე – ამის თაობაზე მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებზე თბილისის რეაქციას ეხება. პირველ მათგანში აღნიშნულია, რომ ამჟამად “აფხაზეთში ძალაუფლების ვაკუუმია“.
 
“ფორმალურად, [ვლადისლავ] არძინბა აფხაზეთის პრეზიდენტია, რადგანაც ახალ პრეზიდენტს ფიცი ჯერ არ დაუდია. მაგრამ, არძინბა ქვეყანაში სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს “, აცხადებს “როსიისკაია გაზეტა“.
 
ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ მეორე სტატიაში საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ გაკეთდა. რუსეთმა აფხაზეთის ოპოზიცია “სახელმწიფო გადატრიალებაში“ დაადანაშაულა და თავისი ინტერესების დაცვის მიზნით აფხაზეთის საქმეებში ჩარევით დაიმუქრა.
 
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, აფხაზეთი ნახსენებია როგორც საქართველოს “ავტონომიური რესპუბლიკა“. ამგვარი ტერმინი არ გამოიყენება არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში. ეს ტერმინი არ გამოიყენება არც გაეროს გენერალური მდივნის [ყოფილი] წარმომადგენლის [საქართველოში] დიტერ ბოდენის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში [თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე]. არსებობს წინადადებები საქართველოს სახელმწიფოს ფედერალური მოწყობის თაობაზე [ე.წ. ბოდენის დოკუმენტში]. ამგვარად, ქართული მხარის განცხადებები ეწინააღმდეგება ქართული-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების იმ წინადადებებს, რომელთაც საერთაშორისო საზოგადოება იხილავს“, აცხადებს სახელმწიფო გაზეთი “როსიისკაია გაზეტა.“

მსგავსი/Related

Back to top button