ახალი ამბები

ბაღაფში მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, რომლის მხარდამჭერებმაც 12 ნოემბერს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების რამოდენიმე შენობა დაიკავეს, თავის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა დაშლილიყვნენ, აცხადებს “რია ნოვოსტი“.


სერგეი ბაღაფშმა მხარდამჭერებს პარლამენტის ერთ-ერთი ფანჯრიდან მიმართა, რომელიც დღეს მისმა მხარდამჭერებმა დაიკავეს. მან დაადასტურა, რომ რამდენიმე ადამიანი მართლაც დაიჭრა პარლამენტის შენობის აღების დროს.


“ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის რომ აფხაზეთში მშვიდობა აღდგეს … ჩვენ ძალაუფლებას მშვიდობიანი გზით მოვიპოვებთ“, განაცხადა ბაღაფშმა.


ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ იგი 12 ნოემბერს პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ბაღაფშმა იმედი გამოთქვა, რომ ის და ხაჯიმბა შეთანხმდებიან, რათა “ერთ გუნდში იმუშავონ“.


ცოტა ხნის წინ, ბაღაფშმა ხაჯიმბას კოალიციური მთავრობის შექმნა შესთავაზა, სადაც ის უშიშროების ან თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებდა.


“რია ნოვოსტის“ ცნობით, ბაღაფშის მიმართვის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა დაშლა დაიწყეს.      

მსგავსი/Related

Back to top button