ახალი ამბები

სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობა დაიკავეს

რუსული მედიის ცნობით, სოხუმში პრეზიდენტობის კანდიდატ სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა დღეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის შენობა დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე აღებულია პრეზიდენტის და პარლამენტის ადმინისტრაცია, რომელიც მთავრობის სახლში იყო განთავსებული.
 
შენობაში შეჭრამდე დაცვამ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ აფხაზეთის ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ამჟამად ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. “არის საერთო ქაოსი“, აცხადებს “რეგნუმი”.
 
საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის როინ აგრბას ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ საკუთარი კაბინეტი უკვე დატოვა.
 
“რია ნოვოსტის“ ცნობით, ვითარების დაძაბვამდე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ოპოზიციონერმა სერგეი ბაღაფშმა და მოქმედი ხელისუფლების ფავორიტმა რაულ ხაჯინბამ შეხვედრა გამართეს, თუმცა ხაჯინბას განცხადებით, ოპონენტებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
 
დღეს ორივე კანდიდატის მხარდამჭრებმა გამართეს მიტინგები – სერგეი ბაღაფშის მომხრეები თავისუფლების მოედანზე, რაულ ხაჯინბას მომხრეები კი მთავრობის შენობის წინ შეიკრიბნენ.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღაფშის მომხრეთა მიერ მთავრობის შენობის დაკავებისას, ხაჯინბას მხარდამჭერთა მიტინგი დაიშალა. 
 

მსგავსი/Related

Back to top button