ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის მახლობლად რეზერვისტთა ახალი ბანაკი გაიხსნა

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან 10 კილომეტრის მოშორებით, გორის რაიონის სოფელ ძევერაში დღეს რეზერვისტთა ახალი ბანაკის გახსნას თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დაესწრო.
 
რეზერვისტთა ახალი ბატალიონი ძირითადად ხაშურის რაიონის მაცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული. ბანაკში დაახლოებით 350 მოხალისე ირიცხება, რომლებიც  სამხედრო მომზადებას ერთი თვის განმავლობაში გაივლიან.


სავარაუდოდ, ცხინვალის მახლობლად რეზერვისტთა ბანაკის გახსნას თვითგამოცხადებული პროტესტი მოჰყვება, რადგანაც სოფელი ძევერა კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, რომელიც ცხინვალის ცენტრიდან 15-კილომეტრიან რადიუსში არის მოქცეული. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის ზონაში მხოლოდ სამშვიდობო ძალები უნდა განლაგდნენ.      


ძევერას ბანაკი რეზერვისტების მოსამზადებელი უკვე მესამე ბაზაა სოფელ ოსიაურში და საჩხერის რაიონში განლაგებული ბატალიონების შემდეგ. ორივე ეს რეგიონი ე.წ სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება.


ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2005 წლის ბოლოსთვის საქართველოს 10 ათასამდე კარგად გაწვრთნილი რეზერვისტი ეყოლება.


 

მსგავსი/Related

Back to top button