ახალი ამბები

აშშ-ის ელჩმა ნოემბრის რევოლუციაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა რობერტ ფრეიზერის სახელობის ჯილდო მიიღო, რომელიც ეძლევათ პიროვნებებს კონფლიქტების მოგვარებისა და მათი თავიდან აცილების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.


“მაილსს წილად ხვდა ეს ჯილდო დიპლომატიური პრინციპების მიმართ მისი ერთგულების გამო, რომელიც მან საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების ამ რთულ პერიოდში გამოიჩინა. კერძოდ, მისმა დაუღალავმა მცდელობამ დახმარება გაეწია იმ გზების მოძიებაში, რომელიც ძალისმიერი კონფრონტაციის ალტერნატიული იქნებოდა, დიდი ზეგავლენა იქონია “ვარდების რევოლუციის“ დემოკრატიულ და მშვიდობიან მოგვარებაზე“, ნათქვამია პრეს-რელიზში.


რიჩარდ მაილსი, რომლის საქართველოში ელჩობის ვადა 2005 წელს იწურება, 1992-93 წლებში იყო აშშ-ს ელჩი აზერბაიჯანში, 1996-99 წლებში მისიის ხელმძღვანელი ბელგრადში, 1999-2001 წლებში აშშ-ს ელჩი ბულგარეთში.


იგი აგრეთვე მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტის საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და იუგოსლავიის საკითხთა ბიუროში და სამხედრო-პოლიტიკურ ბიუროში.

მსგავსი/Related

Back to top button