ახალი ამბები

რუსეთი აფხაზეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

6 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა, რომ მათ მოსკოვში შეხვედრა გამართეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან სერგეი ბაღაფშთან და რაულ ხაჯიმბსთან, რათა მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია რეგიონში არსებული კრიზისის თაობაზე, რომელიც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.    
 
ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი სერგეი ბაღაფში და რაულ ხაჯიმბა მოსკოვს 1-2 ნოემბერს ეწვივნენ.  
 
“რუსულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთში დაძაბულობის ზრდის გამო, რამაც საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია. მოსკოვი შეშფოთებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და ეს სავსებით გასაგებიცაა – აფხაზეთში რუსეთის უამრავი მოქალაქე ცხოვრობს და ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით.
 
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლების რეკომენდაციები აფხაზეთის წარმომადგენელთა მიმართ მიზნად ისახავს “დაპირისპირების“ თავიდან აცილებას და “[აფხაზეთის] საზოგადოებაში ერთობის აღდგენას“.
 
რუსეთის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მან ზეწოლა მოახდინა ოპოზიციის კანდიდატზე სერგეი ბაღაფშზე. ამ უკანასკნელმა სოხუმში დაბრუნებისას თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ რუსულმა მხარემ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას უჭერს მხარს, მასზე ზეწოლა მოახდინა, დაიმუქრა რა ეკონომიკური სანქციებით აფხაზეთის წინააღმდეგ.  

მსგავსი/Related

Back to top button