ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი დღეს თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.


სააკაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო დაეხმარება საქართველოს რეფორმების გატარებაში, რაც ქვეყნისთვის საწინდარი იქნება ალიანსის წევრი გახდეს.


სხეფერის თქმით, იგი რეალისტი და ოპტიმისტია ამ მიმართებით, თუმცა აქვე დასძენს, რომ იგი “თავს შეიკავებს საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების ვადების დასახელებისგან”. მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.


პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო “სულ უფრო და უფრო უახლოვდება ნატოს“.


“ნუ მკითხავთ, როდის გავხდებით ნატოს წევრი. ამ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებთ. თუმცა, ეს ბევრად უფრო მალე მოხდება, ვიდრე ზოგი ფიქრობს”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


“როცა ეს მოხდება, მე შესაძლოა ისევ ამ თანამდებობაზე ვიყო“, მიანიშნა პრეზიდენტმა.


ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია თბილისს, განაცხადა, რომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.


ნატომ საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა 29 ოქტომბერს დაამტკიცა. გეგმა, რომელიც თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას ითვალისწინებს, ნატოს დახმარებით განხორციელდება.


სხეფერის თქმით, მისი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში იმის დასტურია, რომ რეალურად მოქმედებს ნატოს სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ცენტრალურ აზიასა და კავკასიის ქვეყნების მიმართ ყურადღების გამახვილების თაობაზე. 


ამ გადაწყვეტილების რეალიზაციის მიზნით, რობერტ სიმონსი დაინიშნა ნატოს სპეციალური წარმომადგენლად ამ ორ რეგიონში. ამჟამად, რობერტ სიმონსს პოლიტიკურ საკითხებში და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა უკავია. გარდა ამისა, ნატოს თითო მეკავშირე ოფიცერი ეყოლება თითოეულ რეგიონში. რობერტ სიმონსმა სექტემბერში განაცხადა, რომ ნატოს კავკასიის მეკავშირე ოფიცრის ოფისი თბილისში იქნება და იგი თავდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებს.


ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილება და გამოიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოდან.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს “მტკიცე პოზიცია“ გააჩნია ამ კუთხით. მან ასევე მოუწოდა მოსკოვს გაიყვანოს სამხედრო ბაზები.


სხეფერმა დაადასტურა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.


სააკაშვილის განცხადებით, თბილისი “მზად არის კომპრომისისთვის, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე“.


“არავის უნდა ეგონოს, რომ შესაძლებელია ჩვენი ფუნდამენტალური საგარეო პოლიტიკური მიმართულების შეცვლა ზეწოლის გზით. ააქვე მინდა განვაცხადო, რომ კარგი ურთიერთობები რუსეთთან ჩვენი ფუნდამენტალური საგარეო პოლიტიკის ნაწილია“, დასძინა პრეზიდენტმა.


ნატოს გენერალური მდივანი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და თავდაცვის მინისტრს გიორგი ბარამიძეს.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button