ახალი ამბები

ქართული მხარე აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს

საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სოხუმის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მსჯელობა მხოლოდ აფხაზეთთან დიალოგის აღდგენის და გალში დევნილი მოსახლეობის დაბრუნების შემდეგ უნდა დაიწყოს. 


“საუბარია თითქოს გალის რაიონში 60 ათასი დევნილი დაბრუნდა, ეს რუსული მონაცემებია, გაერო-ს ინფორმაციით დაბრუნებულთა რაოდენობა 30-35 ათასს არ აჭარბებს და ისინიც დროებით არიან ჩასახლებულები”, განაცხადა დღეს სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, გალში უნდა ამოქმედდეს პოლიცია, რომელიც დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოებას დაიცავს.


დღესვე სარგინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გააკეთა და განაცხადა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარების დარეგულირების შემდეგ არის შესაძლებელი.


“სანამ სოხუმში ვითარება არ დარეგულირდება ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია“, განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა.


სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადება რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის შემდეგ 3 ნოემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მსგავსი/Related

Back to top button