ახალი ამბები

რუსეთი სამხრეთ კავკასიის ერთობლივი კომპანიის შექმნის ინიციატივით გამოდის

რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის, რაც რეგიონში რკინიგზის აღდგენას შეუწყობს ხელს.    


“სატრანსპორტო კავშირების განვითარება დააჩქარებს პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას, ყველა პრეზიდენტი თვლის, რომ რკინიგზის აღდგენა ბიძგს მისცემს იმ მოლაპარაკებათა პროცესების განახლებას, რომელიც დღეს შეწყვეტილია”, აცხადებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრეს-ოფისი მინისტრის იგორ ლევიტინის სიტყვებზე დაყრდნობით.


იგორ ლევიტინი თბილისს 1 ნოემბერს ეწვია და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.   


მოსკოვში 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ არსებობს ინიციატივა ერთობლივი რუსულ-ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული კომპანიის შექმნის თაობაზე, რომელიც აღადგენს მოძრაობას ტრანსკავკასიურ რკინიგზაზე, რომელმაც აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტების შემდეგ შეწყვიტა ფუნქციონირება.


ამავდროულად, რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გენადი ფადეევმა, რომელიც 3 ნოემბერს სომხეთს ესტუმრა, თავის სომეხ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით ერთობლივი კომპანიის შექმნას ითვალისწინებს, აცხადებს რადიოსადგური “თავისუფლება”.  


“ქვეყნების პრეზიდენტებმა, ტრანსპორტის უწყებათა ხელმძღვანელებმა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა სატრანსპორტო კავშირების რეანიმირების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს”, განაცხადა ლევიტინმა 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.


რკინიგზა, რომელიც 2,300 კილომეტრზე იყო გადაჭიმული საბჭოთა კავშირის პერიოდში, შავი ზღვის პორტებს ცენტრალ რუსეთს უკავშირებდა, აწარმოებდა მგზავრთა გადაყვანას და წელიწადში 15 მლნ ტონაზე მეტი სატრანზიტო ტვირთბრუნვის პოტენციალი გააჩნდა.   


ლევიტინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი სამთავრობო ჯგუფების შექმნის თაობაზე, რომლებიც რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის “ტექნიკურ ასპექტებზე“ იმუშავებენ.

მსგავსი/Related

Back to top button