ახალი ამბები

აფხაზეთის კრიზისი კვლავ მოუგვარებელია

3 ნოემბერს მოსკოვიდან დაბრუნებულმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მისი ინაუგურაცია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე 7 დეკემბერს შედგება.


მისმა მეტოქემ, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ასევე იმყოფებოდა მოსკოვში, დაბრუნებისას განაცხადა, რომ დეკემბერში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.


“განმეორებითი არჩევნები გამორიცხულია. მე პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას 7 დეკემბრიდან შევუდგები“, განუცხადა სერგეი ბაღაფშმა “რია ნოვოსტის“.


“[განმეორებითი] არჩევნები დეკემბერში გაიმართება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს“, განაცხადა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ უკვე გამოსცა ბრძანებულება განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე. “ეს ბრძანებულება უნდა შესრულდეს“, დასძინა ხაჯიმბამ.


ბრძანებულებას განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე არძინბამ 29 ოქტომბერს მოაწერა ხელი. მანამდე უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბაღაფშის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე.  მოგვიანებით, სასამართლომ აღიარა, რომ მასზე ხაჯიმბას მხარდამჭერებმა ზეწოლა მოახდინეს და აიძულეს განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მიეღო.     


 

მსგავსი/Related

Back to top button