ახალი ამბები

აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატები კრიზისის მოგვარების გზებს მოსკოვში ეძებენ

მოსკოვში ოფიციალურ პირებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში 3 ნოემბერს სოხუმში დაბრუნდნენ. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია მოიტანს თუ არა მოსკოვის მოლაპარაკებები რაიმე შედეგს აფხაზური კრიზისის მოგვარების კუთხით. 
 
პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ კანდიდატებს შორის შეთანხმების მიღწევა სავსებით შესაძლებელია; თუმცა, ოპოზიციის კანდიდატ სერგეი ბაღაფშის თქმით, მან გაიმარჯვა არჩევნებში, რასაც  შესაბამისად დეკემბრის დასაწყისში მისი ინაუგურაციაც უნდა მოჰყვეს.  
 
ბაღაფში და ხაჯიმბა მოსკოვს 1-2 ნოემბერს ეწვივნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან.
 
“სერგეი ბაღაფშთან ერთად ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთში არსებული კრიზისის მოგვარების შესაძლო გზები. მოსკოვის კლიმატი უკეთესია საკითხის მოსაგვარებლად“, განუცხადა პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ “იტარ-ტასს“ 2 ნოემბერს.
 
“ვგრძნობ, რომ არსებობს კრიზისის მოგვარების გზები. ყველაფერი ჩემზე და სერგეი ბაღაფშზეა დამოკიდებული“, დასძინა მან, თუმცა თავი შეიკავა შესაძლო შეთანხმების დეტალებზე საუბრისგან.   
 
აფხაზეთის პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი სერგეი ბაღაფში განმეორებითი არჩევნების ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგია.
 
“არჩევნები უკვე ჩატარდა და პრეზიდენტიც არჩეულია“, განუცხადა ბაღაფშმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ 3 ნოემბერს.
 
აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერგეი ბაღაფში ხმების 50,08%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა, ხაჯიმბამ ეს გადაწყვეტილება უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ 28 ოქტომბერს ხაჯიმბას სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით, ხაჯიმბას მხარდამჭერები უზენაესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ, რის შემდეგაც სასამართლომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 29 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ გამოსცა ბრძანებულება განმეორებითი არჩევნების ორი თვის ვადაში ჩატარების თაობაზე, რასაც ოპოზიციის საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა და რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვა.
 
თუმცა, მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, ორივე კანდიდატი თავს იკავებს რადიკალური ნაბიჯებისაგან, რადგანაც სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხე არსებობს. თვიგამოცხადებული აფხაზეთის ყველა პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია, რომ  არეულობის კვალდაკვალ დე ფაქტო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე გაიზრდება.
 
ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თვალყურს ადევნებს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს, რეგიონის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევა აღიზიანებს.      
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 2 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის ბედი მოსკოვში გადაწყდება. ამიტომაც, ორივე მათგანი ახლა აქ [მოსკოვში] იმყოფება“.
 
რუსეთის ღია მხარდაჭერა სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მიმართ მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 29 აგვისტოს სოჭში აფხაზეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ  მოსკოვში 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო შეშფოთებულია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის აქტიური ჩარევის გამო.
 
“რა თქმა უნდა, ჩვენ შევშფოთდით, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის [მაშინდელ] პრემიერ-მინისტრს [პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატს] რაულ ხაჯიმბას შეხვდა [სოჭში 29 აგვისტოს]. წარმოგიდგენიათ რუსეთის რეაქცია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი [ჩეჩნეთის მეამბოხე ლიდერს] ასლან მასხადოვს რომ შეხვედროდა?“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
რადიოსადგურ “ეხო მოსკვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ მოსკოვს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაში დასდო ბრალი. მისი თქმით, მოსკოვი ებრძვის სეპარატიზმს თავის ტერიტორიაზე ჩეჩნეთში, მაშინ როცა მხარს უჭერს სეპარატისტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 
 

მსგავსი/Related

Back to top button