ახალი ამბები

ბაღაფში განმეორებითი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის თქმით, იგი განმეორებითი არჩევნების ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგია. “არჩევნები უკვე ჩატარდა და პრეზიდენტიც არჩეულია“, განუცხადა ბაღაფშმა “რია ნოვოსტის“ 3 ნოემბერს.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში მოსკოვში იმყოფებიან რეგიონში არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით.


აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერგეი ბაღაფში ხმების 50,08%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა, ხაჯიმბამ ეს გადაწყვეტილება უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა 28 ოქტომბერს ხაჯიმბას სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით, ხაჯიმბას მხარდამჭერები უზენაესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ, რის შემდეგაც სასამართლომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ მიიღი გადაწყვეტილება. 29 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ გასცა ბრძანებულება განმეორებითი არჩევნების ორი თვის ვადაში ჩატარების თაობაზე.


რაულ ხაჯიმბამ 2 ნოემბერს “იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ არსებობს კრიზისის მოგვარების გზები. თუმცა, თავი შეიკავა შესაძლო შეთანხმების დეტალებზე საუბრისგან.   


“სერგეი ბაღაფშთან ერთად ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთში არსებული კრიზისის მოგვარების შესაძლო გზები. მოსკოვის კლიმატი უკეთესია საკითხის მოსაგვარებლად“, განუცხადა პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ “იტარ-ტასს“ 2 ნოემბერს.


“ვგრძნობ, რომ არსებობს კრიზისის მოგვარების გზები. ყველაფერი ჩემზე და სერგეი ბაღაფშზეა დამოკიდებული“, დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button