ახალი ამბები

ბარამიძე: აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუგრძელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს საქართველოს არმიისთვის სამხედრო დახმარებას.


“ეს დახმარება მიმართული იქნება საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტის შესაქმნელად, რომელიც იმოქმედებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, რათა უზრუნველყოს მშვიდობა და ებრძოლოს ტერორიზმს“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ, თუმცა მან დახმარების პროგრამების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ერაყში განთავსებულ კოალიციის ძალებში. მისი თქმით, საქართველო “უახლოეს მომავალში“ დამატებით ჯარებს გააგზავნის ერაყში.


1 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება განიხილავს ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნის თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ “მიესალმება საქართველოს მნიშვნელოვან და ღირებულ წვლილს“ კოალიციის ძალებთან მიმართებაში.


7 სექტემბერს ერაყიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველო გაზრდის სამხედრო კონტიგენტს ერაყში არსებული 159 ჯარისკაციდან 300-მდე. თავდაცვის მინისტრის განცხადების თანახმად, დამატებითი ჯარების გაგზავნა ოქტომბრისთვის იგეგმებოდა. თუმცა ჯერ-ჯერობით საქართველოს სამხედრო კონტიგენტი არ გაუზრდია ერაყში. 

მსგავსი/Related

Back to top button