ახალი ამბები

ხაჯიმბა და ბაღაფში მოსკოვში იმყოფებიან

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სახელისუფლებო რაულ ხაჯინბა და ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში 1 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრნენ, იუწყება ტელეკომპანია НТВ და სააგენტო “რეგნუმი”.


აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სტანისლავ ლაკობამ, რომელიც სერგეი ბაღაფშის გაპრეზიდენტების შემთხვევაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი გახდება, სააგენტო “რეგნუმთან” საუბარში განაცხადა, რომ ბაღაფში მოლაპარაკებებს გამართავს როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან, ისე კრემლის ადმინისტრაციაში. მისივე ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბა, რომელიც 3 ოქტომბრის არჩევნებზე კრემლის ფავორიტი იყო, ასევე სტუმრობს მოსკოვს.


ოქტომბრის შუა რიცხვებში ქართული მედიით გავრცელდა ცნობა, რომ აფხაზურმა ოპოზიციამ უარი განაცხადა კრემლთან გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი იმ შემთხვევაში დაუჭერდა ოპოზიციის კანდიდატს, არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებულ სერგეი ბაღაფშს მხარს, თუ იგი პრემიერ-მინისტრად ნოდარ ხაშბას დანიშნავდა.


ნოდარ ხაშბა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დანიშნა, რაც 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა. ამ თანამდებობამდე ხაშბა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს საინვესტიციო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მსგავსი/Related

Back to top button