ახალი ამბები

აფხაზეთის ოპოზიცია განმეორებითი არჩევნების წინააღმდეგია

აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გახდება, განაცხადა, რომ ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ბრძანებულებას განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე.


“არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს. არძინბას ბრძანებულებას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია“, განაცხადა საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმ“-მა 1 ნოემბერს ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით.


აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილების კვალდაკვალ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 29 ოქტომბერს ორი თვის ვადაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე ბრძანებულებას მოაწერა ხელი.


28 ოქტომბერს გვიან საღამოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელი აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომლის თანახმადაც ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამოცხადდა გამარჯვებულად ხმების 50.08%-ით.  ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ სერგეი ბაღაფში გამარჯვებულად გამოაცხადა.
 
ამას სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მომხრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. 29 ოქტომბერს დილით აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ შეცვალა 28 ოქტომბრის მისივე გადაწყვეტილება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი თვის ვადა მისცა განმეორებითი არჩევნების დანიშვნისთვის. მოგვიანებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი აკაბამ განაცხადა, რომ იგი აიძულეს შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად გამოცხადების თაობაზე და გაეუქმებინა 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.


ამჟამად, უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის მოტივით, ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს კანონიერად, რომლის მიხედვითაც ბაღაფში გამოცხადდა გამარჯვებულად.


“აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება მუშაობას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 6 დეკემბერს გაიმართება“, განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა. 
 

მსგავსი/Related

Back to top button