ახალი ამბები

როკის გვირაბის გავლით საქართველოსკენ მომავალი 5 ავტობუსი კვლავ გაჩერებულია

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ კეხვთან გაჩერებულ ქართველ მგზავრებს, რომლებიც  რუსეთიდან როკის გვირაბის გავლით შემოვიდნენ საქართველოში, უკვე მეორე დღეა, რაც ქართველი სამართალდამცავები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების საშულებას არ აძლევენ. სულ 5 სამგზავრო ავტობუსია გაჩერებული. 

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის ალექსანდრე სუხიტაშვილის ინფორმაციით, ბრძანება მგზავრების გაჩერების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა.
 
მგზავრები, რომლებიც აპროტესტებენ მათი დაკავების ფაქტს, ადგილზე მოინახულეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და პარლამენტის წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელთაც ეს ფაქტი კონსტიტუციის დარღვევად შეაფასეს.
 
მოგვიანებით ამ ინციდენტს პრესკონფერენცია მიუძღვნა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა. მისი თქმით, მგზავრების შეჩერება კანონიერად მოხდა, რადგანაც ისინი არა როკის გვირაბით, არამედ ზემო ლარსის ლეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა შემოსულიყვნენ საქართველოში.
 
აღნიშნული ფაქტი დაგმო “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ხელისუფლებისაგან მგზავრების დაკავების შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვა.

მსგავსი/Related

Back to top button