ახალი ამბები

კოკოითსა და საერთაშორისო ექსპერტებს შორის დიალოგი ვერ შედგა

ცხინვალში გაყინული კონფლიქტების საერთაშორისო ექსპერტებსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის შეხვედრა 29 ოქტომბერს უთანხმოებით დასრულდა.


ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 29 ოქტომბერს ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე ედუარდ კოკოითმა ქართული მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განხორციელებულ “უკანონო“ ქმედებებზე ისაუბრა.


იმავე საინფორმაციო კომიტეტის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელმა პიერ ლელუშმა საუბრის დროს რამდენჯერმე შეახსენა კოკოითს, რომ სამხრეთ ოსეთი არაღიარებული რესპუბლიკაა.


“მის განცხადებაში მკაცრად გაჟღერდა , რომ სამხრეთ ოსეთმა დროა დაიწყოს მოლაპარაკებები  საქართველოსთან, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების მოთმინება უკვე ზღვარზეა“, ნათქვმია კომიტეტის განცხადებაში.


“შეხვედრაზე ოსური მხარე კონსტრუქციულ საუბარს ელოდა კონფლიქტის მოგვარების შესახებ. სტუმრებს როგორც ჩანს არ მოეწონათ სახელმწიფოს მეთაურის [დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის] პოზიცია”, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


გაყინული კონფლიქტების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი თბილისში 28 ოქტომბერს ჩამოვიდა. 29 ოქტომბერს კი ცხინვალს ვითარების გასაცნობად ეწვია.

Back to top button