ახალი ამბები

სასამართლო აფხაზეთის კრიზისის განმუხტვას ვერ ახერხებს

აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილების კვალდაკვალ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 29 ოქტომბერს ორი თვის ვადაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ოპოზიციის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა უკვე დაგმო არძინბას ეს გადაწყვეტილება და მას “უკანონო“ უწოდა.
 
28-29 ოქტომბრის ღამეს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამწვავა კრიზისი, რომელიც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. 
 
28 ოქტომბერს გვიან საღამოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელი აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომლის თანახმადაც ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამოცხადდა გამარჯვებულად ხმების 50.08%-ით.  ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ სერგეი ბაღაფში გამარჯვებულად გამოაცხადა.
 
ამას სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მომხრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. 29 ოქტომბერს დილით აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ შეცვალა 28 ოქტომბრის მისივე გადაწყვეტილება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი თვის ვადა მისცა განმეორებითი არჩევნების დანიშვნისთვის.
 
მოგვიანებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი აკაბამ განაცხადა, რომ იგი აიძულეს შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად გამოცხადების თაობაზე და გაეუქმებინა 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
 
29 ოქტომბერს სერგეი ბაღაფშმა “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ არძინბას ბრძანებულება უკანონოა, რადგანაც მხოლოდ აფხაზეთის პარლამენტს აქვს უფლება დანიშნოს განმეორებითი არჩევნები. აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ ქართულ სააგენტო “ინტერპრესს“ განუცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო “არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე არ აპირებს განიხილოს პრეზიდენტის ბრძანებულება [განმეორებითი არჩევნების თაობაზე]”.
 
“პარლამენტართა უმეტესობას სჯერა, რომ განმეორებითი არჩევნების თარიღის დადგენაზე მსჯელობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, რომლის მიღებაც საეჭვო პირობებში მოხდა, არადროულია”, განუცხადა ნუგზარ აშუბამ “ინტერპრესს“.
 
არსებული ინფორმაციით, ამჟამად სიტუაცია სოხუმში დაძაბულია. თუმცა, ჯერ-ჯერობით არეულობას ადგილი არ აქვს.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა კომენტარი აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ “მოვლენები იქ მშვიდ ატმოსფეროში წარიმართება“.
 
“ჩვენ არ ვართ გულგრილნი რეგიონში არსებული სიტუაციის მიმართ … რაც უფრო ჩქარა მოგვარდება საკამათო საკითხები აფხაზეთში, მით უფრო სწრაფად დაუბრუნდებიან სოხუმი და თბილისი მოლაპარაკებების მაგიდას, რუსეთის ხელისუფლების და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
3 ოქტომბრის არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაღიარებული აფხაზეთის არჩევნები შეაფასა, როგორც “მშვიდი” და “დემოკრატიული”.
 
ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ დაგმო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ ადგილი აქვს “აშკარა მცდელობას დაინიშნოს” სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტის პოსტზე. 
 
გოგა ხაინდრავამ “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ორი თვის ვადაში მოახერხებს სახელისუფლებო რესურსების მობილიზებას, რათა ხაჯიმბას გზა გაუკვალოს პრეზიდენტის პოსტისკენ.
 
მისი თქმით, საქართველო ვერ დარჩება გულგრილი თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ. “აფხაზეთის არჩევნები უკანონოა. საქართველოს მოსახლეობას, როგორც აფხაზებს, ისე ქართველებს უნდა ჰქონდეთ უფლება ღიად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ნება“, განაცხადა ხაინდრავამ.
 
ბაღაფშის პრეზიდენტობის შემთხვევაში, გოგა ხაინდრავას თქმით, ერთადერთი პოზიტიური მომენტი იქნება ის, რომ ზეწოლა აღარ გაგრძელდება გალის რაიონის მაცხოვრებლებზე, რომელთა ხმებიც გადამწვეტი აღმოჩნდა არჩევნებში მისი წარმატებისთვის.
 

მსგავსი/Related

Back to top button