ახალი ამბები

კრიტიკოსთა თქმით, კანონპროექტი ფინანსური ამნისტიის შესახებ ანტი-კორუფციულ კამპანიას შეაფერხებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა 28 ოქტომბერს შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი “არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის” შესახებ ხელისუფლების ანტიკორუფციულ კამპანიას შეაფერხებს.


მთავრობამ უკვე წარუდგინა პარლამენტის კანონპროექტი, რომელიც ორი -საგადასახადო და ქონებრივ-ფინანსური ამნისტიის ნაწილებისაგან შედგება და ერთჯერად ხასიათს ატარებს. იგი ითვალისწინებს 2004 წლის 1 იანვრამდე დამალული გადასახადების გაუქმებას იმ სუბიექტებისთვის ვისზეც არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ან არ აქვს აღიარებული საგადასახდო დავალიანება. ასეთი კატეგორია კი თითქმის 95%-ს შეადგენს. ამნისტია არ ვრცელდება მათზე ვისი ქონებაც ნარკობიზნესის, იარაღით უკანონო ვაჭრობის გზით არის მოპოვებული ან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


“თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს ყოფილ ან ახლანდელ ჩინოვნიკებს.


“პრობლემა ის არის, რომ სიაში [რომელთაც არ უნდა შეეხოთ ამნისტია] არ არიან სახელმწიფო მოხელეები. უნდა იყოს გამონაკლისი დაბალი რანგის მოხელეებისთვის … თუმცა, კანონპროექტი უნდა შეეხოს [მაღალი რანგის] სახელმწიფო მოხელეებს და მათ ნათესავებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტი ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო კორუფციას გაურიგდა“, განაცხადა ლევან რამიშვილმა.


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ასევე გამოხატა ანალოგიური შეშფოთება 28 ოქტომბერს. “მე მხოლოდ ერთი პრეტენზია მაქვს კანონპროექტისადმი. ამნისტია არ უნდა შეეხოს სახელმწიფო მოხელეებს“, განუცხადა ბოკერიამ ტელეკომპანის “რუსთავი 2“-ს.


ლევან რამიშვილმა განცხადებით,  ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე არსებულ ანტიკორუფციულ კანონს, რომელიც სახელმწიფო მოხელეების დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს, გამოუსადეგარს გახდის.


“ამ კანონპროექტის [საგადასახადო და ფინანსური ამნისტიის შესახებ] დახმარებით სახელმწიფო მოხელეები მოახდენენ კორუფციის გზით მოპოვებული ქონებისა და ფინანსების ლეგალიზებას“, დასძინა ლევან რამიშვილმა.


27 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ “საქართველოს ყველა მოქალაქეს ან უცხოელს ექნება შესაძლებლობა ლეგალიზება გაუკეთოს საქართველოში ქონებასა და ფინანსებს და განახორციელოს ინვესტიციები ბიზნესის განვითარების მიზნით”.  


“ფინანსური ამნისტიის გამოცხადებით და ახალი საგადასხადო კოდექსის მიღებით, საქართველოში ბიზნესისათვის მკვეთრი ხელშეწყობის პოლიტიკას ეყრება საფუძველი”, დასძინა ჟვანიამ.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button