
პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი პირველი მოსმენით დაამტკიცა
28 ოქტომბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით 124 ხმით 19-ის წინააღმდეგ საგადასახადო კოდექსის ახალ ვარიანტს მხარი დაუჭირა. თუმცა კენჭისყრას წინ უძღვოდა განხლვის ხანგრძლივი პროცედურა, რომელმაც 28 ოქტომბერს თითქმის მთელი დღე გასტანა.
“საგადასახადო კოდექსის მიღება ქვეყნის ეკონომიკაში ნამდვილ რევოლუციას მოახდენს”, განუცხადა პარლამენტარებს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით არსებული 22 გადასახადიდან ძალაში 8 გადასახდი დარჩება: საშემოსავლო (20%-დან 12%-მდე მცირდება), სოციალური (33%-დან 20%-მდე დაიწევს), მოგების (20%), დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ, 20%-დან 18%-მდე იკლებს), აქციზი, ქონების (რომელშიც ინტეგრირებულია დღეს ცალკე არსებული მიწის გადასახადი), გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის.
კოდექსის მიმართ კრიტიკული შენიშვნები ოპოზიციასთან ერთად, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს მას, უმრავლესობის ცალკეულ წევრებსაც ჰქონდათ. თუმცა პირველი მოსმენისას პრინციპებზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ კამათი უკვე მეორე მოსმენით კოდექსის განხილვის დროს გაგრძელდება.