ახალი ამბები

ხაინდრავა: თბილისი აფხაზური მოვლენების შესახებ ამომწურავად არის ინფორმირებული

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, თბილისს 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებსა და საზოგადოებრივ განწყობაზე ამომწურავი ინფორმაცია გააჩნია.
 
“არჩევნების ჩვენ სასარგებლოდ წარმართვის შესაძლებლობები არ გვქონდა, თუმცა გარკვეული დისონანსის შეტანა მაინც შეგვეძლო. მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რადგან გვაინტერესებდა აფხაზური საზოგადოების რეალური განწყობა და ეს ნათლად გამოჩნდა კიდეც”, განაცხადა 27 ოქტომბერს გოგა ხაინდრავამ.
 
მისი თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა აფხაზი ხალხის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როცა “პრეზიდენტ პუტინის ფავორიტს – რაულ ხაჯინბას მხარი არ დაუჭირა”.
 
გოგა ხაინდრავას თქმით, ამჟამად, სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერგეი ბაღაფშთან, რათა მან უარი თქვას პრეზიდენტის სავარძელზე. “რაულ ხაჯინბა, სერგეი ბაღაფში და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა მოსკოვშიც კი იყვნენ დაბარებულები…”, აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
 
ბაღაფშის  პრეზიდენტობის შემთხვევაში, გოგა ხაინდრავას თქმით, ერთადერთი პოზიტიური მომენტი იქნება ის, რომ ზეწოლა აღარ გაგრძელდება გალის რაიონის მაცხოვრებლებზე, რომელთა ხმებიც გადამწვეტი აღმოჩნდა არჩევნებში მისი წარმატებისთვის.
 

Back to top button