
გაერო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესის გააქტიურებას უჭერს მხარს
გაეროს უშიშროების საბჭომ 27 ოქტომბერს განიხილა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი და ხაზი გაუსვა მისი მოგვარების აუცილებლობას.
დიდი ბრიტანეთის ელჩის ადამ ტომსონის განცხადებით, რომელიც ოქტომბრის თვეში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს, 15-კაციანმა ორგანომ გაიზიარა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის შეშფოთება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში “არსებითი პროგრესის უქონლობის“ გამო.
უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას, რაშიც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს გაერომ, კერძოდ კი კოფი ანანის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიდი ტალიავინმა, ასევე რუსეთმა, როგორც მხარეებს შორის შუამავალმა და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა.
ადამ ტომსონის ამ განცხადებამდე ჰეიდი ტალიავინმა უშიშროების საბჭოს აფხაზეთის თაობაზე კოფის ანანის მოხსენება წარუდგინა.
თავის მოხსენებაში, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 20 ოქტომბერს გააკეთა, გააფრთხილა აფხაზეთის კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რომ სამშვიდობო პროცესი “სახიფათო ჩიხში” შევიდა. მისი თქმით, მაშინ, როცა მის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჰეიდი ტალიავინის ხშირი კონტაქტები აქვს ორივე მხარესთან, ეს მხარეები ივლისის შემდეგ არ შეხვედრიან ერთმანეთს და რეგულარული სამუშაო კონტაქტებიც შეწყვეტილია.