ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრას აუცილებლად მიიჩნევს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰეიკი ტალვიტიე, რომელიც თბილისში 26 ოქტომბერს ჩამოვიდა, დღეს ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა და  მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრს ბორის ჩოჩიევს შეხვდა, რადგან დე ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი ცხინვალში არ იმყოფება. 
 
ჰეიკი ტალვიტიეს განცხადებით, ევროკავშირი მზად არის აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. 
 
“ვიზიტის დროს, როგორც ქართულ ისე, ოსურ მხარეს წარვუდგინეთ ახალი იდეები, რაც საქართველოს შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის სტატუსს შეეხება, ამ საკითხზე  მხარეები უნდა შეთანხმდნენ, მათ ნდობის აღდგენისთვის უნდა იზრუნონ, რაშიც ჩვენის მხრივ ძალისხმევას არ დავიშურებთ”, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰეიკი ტალვიტიემ.
 
მისი თქმით, ასევე დიდი ყურადღება ექცევა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრას. ტალვიტიე ცხინვალის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. 
 
ცხინვალში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.


 

Back to top button