
პრეზიდენტმა პარლამენტს ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის “უსწრაფესად” მიღება სთხოვა
დღეს მთავრობის სხდომაზე, სადაც საგადასახადო და ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის პრეზენტაცია მოეწყო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თხოვნით მიმართა პარლამენტს, რათა ამ კვირაში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება.
“პარლამენტმა საგანგებოდ სწრაფად უნდა მიიღოს ეს კანონპროექტი, რის შემდეგაც ასევე სწრაფად მოვაწერ მას ხელს ”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
კანონპროექტი, რომელიც ორი საგადასახადო და ქონებრივ-ფინანსური ამნისტიის ნაწილებისაგან შედგება და ერთჯერად ხასიათს ატარებს , ითვალისწინებს 2004 წლის 1 იანვრამდე დამალული გადასახადების გაუქმებას იმ სუბიექტებისთვის ვისზეც არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ან არ აქვს აღიარებული საგადასახდო დავალიანება. ასეთი კატეგორია კი თითქმის 95%-ს შეადგენს.
“დაგროვილი გადასახადების მოთხოვნა სამართლიანობის თვალსაზრისით არ იქნება გამართლებული, 2004 წლამდე არსებული გადასახადების დოკუმენტაცია მთლიანად უნდა განადგურდეს”, განაცხადა 27 ოქტომბერს სააკაშვილმა.
კანონპროექტის მეორე ნაწილი კი ეხება დამალული ქონებისა და ფინანსების ლეგალიზებას, მიუხედევად იმისა, თუ როგორია მათი წარმოშობის ხასიათი. დეკლარირებულ ფინანსებზე მისი ოდენობის 1% უნდა იქნეს გადახდილი, ხოლო ქონების დეკლარაცია ავტომატური წესით განხორციელდება. ეს ნორმა არ გავრცელდება მათზე ვისი ქონებაც ნარკობიზნესის, იარაღით უკანონო ვაჭრობის გზით არის მოპოვებული ან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამასთან, ის ჩინოვნიკი თუ სამართალდამცავი ვინც ამნისტიის შესახებ კანონს დაარღვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
“ყველა საქართველოს მოქალაქეს ან უცხოელს ექნება შესაძლებლობა ლეგალიზება გაუკეთოს საქართველოში ქონებასა და ფინანსებს და განახორციელოს ინვესტიციები ბიზნესის განვითარების მიზნით”, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
მისი თქმით, დღემდე უკანონოდ მითვისებული ქონების ყოფილი ჩინოვნიკებისათვის ჩამორთმევით ქვეყანამ 500 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც ფულადი ნაწილის ხვედრითი წილი 100 მლნ აშშ დოლარია.
“ფინანსური ამნისტიის გამოცხადებით და ახალი საგადასხადო კოდექსის მიღებით, საქართველოში ბიზნესისათვის მკვეთრი ხელშეწყობის პოლიტიკას ეყრება საფუძველი”, განაცხადა ჟვანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.