
ევროპის საბჭოს დელეგაციამ კობა ნარჩემაშვილი უშიშროების იზოლატორში მოინახულა
დღეს საქართველოში მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა უშიშროების იზოლატორში მოინახულეს შსს-ს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელსაც გენერალურმა პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წაუყენა. უშიშროებამ ექს-მინისტრი 24 ოქტომბერს დააკავა.
“ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეილება, დაკავებულს ძალადობის ნიშნები არ აქვს, თუმცა ამ საქმეს ევროპის საბჭო ბოლომდე მიადევნებს თვალს”, განაცხადა იზოლატორის დატოვების შემდეგ მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ჟოზეტ დურიემ.
მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც თბილისში 25-26 ოქტომბერს კომიტეტის გასვლით სხდომას მართავენ, 25 ოქტომბერს ასევე მოინახულეს წინასწარ პატიმრობაში მყოფი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი.
ევროპის საბჭოს დელეგაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინიტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდება.