
მთავრობამ და პარლამენტმა საგადასახადო კოდექსის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 25 ოქტომბერს საგადასახადო კოდექსის განხილვის მიზნით პარლამენტარებს შეხვდა. თითქმის ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პროექტი თითქმის შეთანხმებულია.
ამ შეხვდერას წინ უძღვოდა 23-24 ოქტომბრის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გუდაურში, რომელშიც დეპუტატებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა პრლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმაც მიიღეს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ძალიან “ნაყოფიერი“ იყო და ორივე მხარე მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა შეთანხმების მისაღწევად.
პარლამენტართა უმეტესობა და ეკონომიკური ექსპერტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საგადასახადო ინსპექტორთა გაზრდილი უფლებების გამო. ამ უკანასკნელთ უფლება ენიჭებათ წელიწადში რამდენჯერმე შეამოწმონ საწარმო. ახალი ვერსიის თანახმად, ინსპექტორებს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ექნებათ ამის გაკეთების უფლება.
დეპუტატთა განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტის სხდომებზე პროექტის პირველი და მეორე მოსმენის დროს იქნება განხილული.
პრემიერ-მინისტრი კიდევ შეხვდება პარლამენტარებს, კერძოდ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, 27 ოქტომბერს, რის შემდეგაც, 28 ოქტომბერს პარლამენტი განიხილავს კოდექსის პროექტს პირველი მოსმენით.