ახალი ამბები

ცხინვალი ქართულ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართული მხარე 25 ოქტომბერს ოსურ სოფელ კვერნეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.


“ოსურ სოფელ კვერნეთს, რომელშიც მხოლოდ 20-მდე მოსახლე ცხოვრობს, ძირითადად ბავშვები და მოხუცები, ქართულ სოფელ აჩაბეთიდან, სადაც 50-მდე ქართველი სამშვიდობოა განლაგებული, ცეცხლი გაუხსნეს. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები იძულებულნი გახდნენ საპასუხო ზომები მიეღოთ სოფლის დასაცავად“, ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.


ქართული მხარე უარყოფს ბრალდებებს. დღესვე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ქართულ სოფელ აჩაბეთს სამხრეთ ოსეთის პოზიციებიდან გაუხსნეს ცეცხლი.

Back to top button