
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს მიესალმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია, რომელიც ეკონომიკური ვითარების შესწავლის მიზნით12-23 ოქტომბერს იმყოფებოდა საქართველოში, მიესალმა დაგეგმილ საგადასახადო რეფორმას და სტაბილურ მაკროეკონომიკულ სიტუაციას.
მისია აპირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასა და მის აღმასრულებელ საბჭოს მოახსენოს, რომ სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კრედიტის პირველი განხილვა დასრულდა, რისი დამტკიცების შედეგად საქართველო შეძლებს მიიღოს 20 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი.
მისიამ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა 2004 წლის განვლილ პერიოდში ფისკალურ სფეროში მიღწეული წარმატებების გამო, რაც საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების “შთამბეჭდავი” გაუმჯობესებით არის გამოწვეული. ამან შესაძლებელი გახადა ხელფასებისა და პენსიების დავალიანების არსებითი შემცირება, რაც განსაკუთრებით სასიკეთოა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ფენებისთვის.
მისიამ მოიწონა მიმდინარე საგადასახადო რეფორმა და მთავრობის სამომავლო გეგმები გადასახადების თავის არიდებასა და კონტრაბანდასთან ბრძოლის საქმეში. მან ასევე მხარი დაუჭირა მთავრობის სურვილს დააჩქაროს პრივატიზაცია და გააუმჯობესოს ქვეყანაში ბიზნესგარემო. ყველაფერ ამის ფონზე კი ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აქტივების გაყიდვის პროცესები და პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების გამოყენება მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.