We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

24 ოქტომბრის შუალედური არჩევნები შედგა

24 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური მაჟორიტარული არჩევნები, რომელიც ოთხ საარჩევნო ოლქში გაიმართა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ-ო) ჩატარებულად გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, ოთხივე ოლქში რეგისტრირებული 177 ათასზე მეტი ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 65 ათასმა ანუ 35%-მა მიიღო.


“ყველაზე მაღალი აქტოვობა გორსა და ზესტაფონში დაფიქსირდა, შედარებით დაბალი იყო აქტივობის მაჩვენებელი თბილისში – დიდუბისა და კრწანისის საარჩევნო ოლქებში”, განაცხადა ცსკ-ოს თავმჯდომარემ ზურაბ ნონიკაშვილმა.


თუმცა პარლამენტის მიერ 12 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, რითაც შუალედურ არჩვნებში 1/3-იანი ბარიერი მოიხსნა, თითოეულ ოლქში ერთი ამომრჩევლის მისვლაც საკმარისი იყო არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისთვის.


ნონიკაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში და მცირე, პროცედურული ტიპის დარღვევების ფონზე წარიმართა.


ცსკ-ო ჯერ-ჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, მათ შორის არც წინასწარს, გამარჯვებული კანდიდატების შესახებ. თუმცა სავარაუდოდ ოთხივე საარჩევნო ოლქში ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატები – გიორგი ასანიძე, თეიმურაზ ჭეიშვილი, თეიმურაზ ცერცვაძე და ჯუმბერ პატიაშვილი მოიპოვებენ საპარლამენტო მანდატებს.

Back to top button