ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში კვლავ სროლები ისმის

დღეს დილით ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ლიახვის ხეობის ქართული სოფლის, აჩაბეთის მიმართულებით ოსური პოზიციებიდან, როგორც ამას ქართული მედია იუწყება, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.


“საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა, ასეთი მოქმედებებით ოსური მხარე საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს”, განაცხადა 25 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


“მსგავსი პროვოკაციები იქნება, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა ავყვეთ”, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ.


20 ოქტომბერს თბილისში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მხარეებმა (საქართველო, რუსეთი, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის) განიხილეს ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში გახშირებული სროლების საკითხი და მსგავსი ფაქტების გამოძიებისათვის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.



 

Back to top button