ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი რობერტ ქოჩარიანს პირისპირ შეხვდა

თბილისში ოფიციალური ვიზიტად მყოფი სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვდა. მოგვიანებით, პრეზიდენტების თანდასწრებით ორი ქვეყნის მთავრობათა შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ეკონომიკური და სხვა სახის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


“ჩვენ ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაზე და  ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროში“,  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა იყო, თუმცა სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის განცხადებით, ამ გზის აღდგენას, რომელმაც აფხაზეთზე უნდა გაიაროს, აფხაზეთის კონფლიქტი აფერხებს.


“სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა არამარტო ჩვენთვის, არამედ საქართველოსთვისაც ხელსაყრელი იქნება, თუმცა ამ საკითხის მოგვარება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა“, განაცხადა ბრიფინგზე ქოჩარიანმა.


სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ოფიციალური ვიზიტი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დროსაც დაგეგმილია მისი ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობა, სომხურ დიასპორასთან შეხვედრა და სხვა ღონისძიებები.


 

Back to top button