
მთავრობამ და კანონმდებლებმა ურთიერთობები დაარეგულირეს
დღეს სახელმწიფო კანცელარიაში ოთხსაათიანი დახურული შეხვედრის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით და საპარლამენტო უმრავლესობა 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის გარშემო წარმოქმნილ უთანხმოებას არკვევდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე მხარე აღიარებდა, რომ 22 ოქტომბრის შეხვედრა უფრო ურთიერთობების დარეგულირება იყო, ვიდრე “ბიუჯეტის ცალკეულ პარამეტრებზე კამათი”.
“ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, დეპუტატები ითხოვდნენ მეტ ინფორმაციას იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც 2005 წელს იგეგმება”, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, “ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიუჯეტის ირგვლივ დისკუსიას და აუცილებლადაც მიგვაჩნია დეპუტატების შენიშვნების გაზიარება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთად დაწყებული რეფორმების პროცესი ასევე ერთად დავასრულოთ”.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომიტეტებმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ მთავრობის მიერ შემუშავებულ ბიუჯეტის პროექტის მიმართ უარყოფითი შეფასებები გამოთქვეს და მისი მხარდაჭერა ეჭვქვეშ დააყენეს, ზურაბ ჟვანიამ “საკუთარი უმრავლესობის” მიმართ მკაცრი განცხადებები გააკეთა და “რეფორმატორულ” ბიუჯეტთან მიმართებაში “ინტრიგების ხლართვაში” დაადანაშაულა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობისა და პარლამენტის კამათს ბიუჯეტის განხილვისთვის დამახასიათებელი “ბუნებრივი პროცესი” უწოდა.