ახალი ამბები

პრეზიდენტი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატებს წინასაარჩევნო აგიტაციას უწევს

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს ღიად მოუწოდა მხარი დაუჭიროს 24 ოქტომბრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” დეპუტატობის კანდიდატებს.


“ოთხივე რაიონში პატიოსან საარჩევნო ბრძოლაში გაიმარჯვებს ის ხალხი, ვინც დღევანდელი ხელისუფლების კურსს იზიარებს”, განაცხადა 22 ოქტომბერს სააკაშვილმა.


კრწანისის – გიორგი ასანიძე, დიდუბის – თეიმურაზ ჭეიშვილი და ზესტაფონის – თეიმურაზ ცერცვაძე საარჩევნო ოლქებში ხელისუფლებას თავისი კანდიდატები ჰყავს წარდგენილი.


გამონაკლისს წარმოადგენს გორის საარჩევნო ოლქი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილია. თუმცა მას ასევე აქვს ხელისუფლების მხარდაჭერა.


“რევოლუციის დროს, როცა 90%  პოლიტიკოსების ბუჩქებში იმალებოდნენ, ეს კაცი [ჯუმბერ პატიაშვილი] ჩვენთან ერთად იდგა და იბრძოდა სამართლიანობისთვის, ამიტომაც მას ჩვენი მხარდაჭერა აქვს”, განაცხადა პრეზიდენტმა.


“საარჩევნო კოდექსის” 76-ე მუხლი ხელისუფლების რესურსების წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენებას კრძალავს, თუმცა ამავდროულად საქართველოს კონსტიტუცია უფლებას აძლევს პრეზიდენტს ეკავოს პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 

Back to top button