
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას
თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ 22 ოქტომებერს გაიხსნება რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის ერთადერთი ლეგიტიმური გამშვები პუნქტი – ზემო ლარსი. ამის შესახებ შესაბამისი ინსტრუქციები, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის სასაზღვრო უწყებებს უკვე მიიღებული აქვთ.
“დღეიდან ზემო ლარსი სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას, ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთისაგან ნოტა მიიღო, ხოლო სასაზღვრო დეპარტამენტს კი ოფიციალური წერილობითი ინფორმცია რუსეთის სასაზღვრო უწყებიდან მოუვიდა”, განაცხადა დღეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ.
ზემო ლარსის საზღვარი, რომელიც სექტემბრის დასაწყისიდან ბესლანში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ჩაიკეტა, ამ პერიოდის მანძილზე მხოლოდ 4-ჯერ გაიხსნა რამოდენიმე საათით. ზემო ლარსის გავლით შეჩერებული იყო მგზავრებისა და ტვირთების მოძრაობა, რამაც არა მარტო ქართული და რუსული მხარე, არამედ სომხეთის საგრძნობლად დააზარალა.