ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს გამო ევროპარლამენტს აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ოქტომბერს გააკრიტიკა ევროპის პარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული რეზოლუცია და ევროპელი დეპუტატების მიმართ საქართველოს შესახებ “არასრული ინფორმაციის ფლობის” გამო პრეტენზიები გამოთქვა.


“რეზოლუცია ასახავს ევროკავშირის შეშფოთებას საქართველოს ცხელ წერტილებში, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არსებული დაძაბულობის გამო. თუმცა აშკარაა, რომ ევროპის პარლამენტარები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას საქართველოში არსებულ რეალურ სიტუაციაზე“, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


“რუსეთი მხარს უჭერს ამ კონფლიქტების პოლიტიკურ მოგვარებას, რომლებიც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტონომიისა და ეროვნული თვითმყოფადობის უფლების დარღვევამ გამოიწვია. სწორედ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი წარმოადგენს იმ ძალას რეგიონში, რომელიც აფერხებს საომარი მოქმედებების განახლებას როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში“, ასეთია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია.


14 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს დახმარება აღმოუჩინოს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და სხვათა მონაწილეობით.   


ევროპის პარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს და კომისიას “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების  დიალოგის ფარგლებში დღის წესრიგში ჩართოს”.


რეზოლუცია გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს სამხრეთ კავკასიაზე პრევენციული დარტყმების განხორციელების თაობაზე და ხაზგასმით მიუთითებს იმ როლის მნიშვნელობაზე, რომელიც რუსეთმა არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში უნდა ითამაშოს.



 

Back to top button