
რუსეთი პანკისის ხეობასთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს
რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე მანილოვის განცხადებით, პანკისის ხეობა ჯერ კიდევ წარმოადგენს რუსეთისთვის შეშფოთების წყაროს. მისი თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, სიტუაცია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კონტროლს ექვემდებარება.
“სიტუაცია საზღვარზე რთული და დაძაბულია, თუმცა ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას … პანკისის ხეობა წარმოადგენდა და კვლავაც რჩება რუსეთისთვის შეშფოთების წყარო“, აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ ალექსანდრე მანილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
პანკისის ხეობა წლების წინ ჩეჩენი მებრძოლების უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა. ამჟამად, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ეს ტერიტორია უსაფრთხოა და იქ მებრძოლები აღარ იმყოფებიან.
ალექსანდრე მანილოვის თქმით, რუსი მესაზღვრეები აქტიურად თანამშრომლობენ თავიანთ ქართველ კოლეგებთან.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუწყა ქართულ მხარეს 22 ოქტომბერს ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ სექტემბრის დასაწყისში ჩაკეტა.