
ახალი ამბები
პრეზიდენტი ძალოვან მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კანცელარიაში ძალოვანი უწყების მინისტრებს შეხვდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ერთსაათიანი შეხვედრის დროს განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-რუსეთის საზღვრის, ზემო ლარსის ჩაკეტვის საკითხს, რის გამოც უკვე ერთ თვეზე მეტია შეწყვეტილია ტრანსპორტის მოძრაობა, რაც პროლემებს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც”, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გელა ბეჟუაშვილმა.
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სექტემბრის დასაწყისში ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჩაიკეტა. ამის შემდეგ სასაზღვრო პუნქტი მოკლე დროით მხოლოდ რამოდენიმეჯერ გაიხსნა. ამჟამად, რუსეთთან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია.