ახალი ამბები

2005 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი უარყოფითი დასკვნით უბრუნებს მთავრობას

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დანარჩენი 12 კომიტეტისა და ფრაქციების მსგავსად, 2005 წლის ბიუჯეტს განხილვის ამ ეტაპზე უარყოფითი შეფასება მისცა და შენიშვნებით უბრუნებს მთავრობას.


მთავრობამ 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის შემოსავლები 2 019.6 მლნ ლარით, ხოლო ხარჯები  2 105 950.0 ათასი ლარით განისაზღვრა, პარლამენტში 1 ოქტომბრისთვის შეიტანა. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და სოციალური სფეროა.  პარლამენტარების მიერ გამოთქმული შენიშვნათა უმეტესობა სწორედ ამ სფეროებს უკავშირდება.


“ბიუჯეტის პროექტს იმდენად ნახევარფაბრიკატის სახე აქვს, რომ რჩება შთაბეჭდილება, მთავრობამ ბიუჯეტის წარდგენის საკონსტიტუციო ვადების დაცვის გამო მოუმზადებელი სახით წარმოადგინა იგი პარლამენტში”, განაცხადა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.


პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება მთავრობამ ოქტომბრის ბოლომდე უნდა მოასწროს, რათა 1 ნოემბრისთვის ისევ უკან დაუბრუნოს ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს არსებითი განხილვისთვის.

“ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა შემოთავაზებული რაციონალური წინადადება”, განაცხადა დღეს კომიტეტის სხდომაზე მთავრობის სახელით ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.


“იმედია, რომ ჩვენი შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, ბიუჯეტი ნორმალურ ფორმას და შინაარსს მიიღებს”, აცხადებს გოცირიძე.

Back to top button