
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სფეროს 2 მლნ დოლარი გამოუყო
საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შორის დღეს ხელი მოეწერა ოქმს მომარაგების სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის მიხედვით თურქეთი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მატერიალურ დახმარებას გაუწევს.
თავდაცვის სამინისტროში თურქეთის მიერ საქართველოსთვის გრანტის სახით გამოყოფილი დახმარების გადმოცემის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე, თურქეთის შეიარაღებული ძალების ატაშე საქართველოში, ბრიგადის გენერალი მუზაფერ ჩარფანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
თურქეთის მხარემ კოჯრის სპეცდანიშნულების და მე-11 მექანიზირებული ბრიგადებს ექვსი ავტომანქანა და კავშირგამბულობის ტექნიკა გადასცა. დახმარებას მიიღებენ ასევე თავდაცვის ეროვნული აკადემია, მარნეულის სამხედრო აეროდრომი, საზღვაო ძალების რიგი ქვედანაყოფები.
თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას 1997 წელს მოეწერა ხელი. 1998 წლიდან დღემდე თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის სფეროს გრანტის სახით 37 მლნ 400 ათასი დოლარი გამოუყო.