ახალი ამბები

სამართალდამცავები ადამიანის უფლებათა დაცვაზე იწყებენ ზრუნვას

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ერთობლივ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავები განსაკუთრებულ ყურადღებას ძალოვან სტრუქტურებში ადამიანის უფლებათა დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე გაამახვილებენ.


“პირველ ეტაპზე ძალოვანების პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა და უკანონოდ მითვისებული ქონების ჩამორთმევა იყო, ახლა ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს დავუთმობთ”, განაცახადა დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბ ადეიშვილმა.


მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის შედეგად ქვეყნის ბიუჯეტმა დამატებით 400 მილიონი ლარი მიიღო. “ეს მიმართულება კვალავაც გაგრძელდება”, დასძენს ადეიშვილი.


თუმცა ადეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი სამართალდამცავების მხრიდან ადამიანის უფლებათან დარღვევის ფაქტებზე გაკეთდება. ამ მიზნით სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც პერმანენტულად მიადევნებენ თვალს სამართალდამცავების მოქმედებებს.  “წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და ნარკოტიკების ჩადების ფაქტებზე პროკურატურაში უკვე 14 საქმეა აღძრული”, აცხადებს ადეიშვილი.


“ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვაზე კონცენტრირებით, პრეზიდენტის დავალებას ვასრულებთ”, აცხადებს შსს მინისტრი.

Back to top button