
სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ხელისუფლებას ოპოზიციური აზრის მიმართ “შეუწყნარებლობის“ გამო აკრიტიკებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციური აზრის მიმართ ხელისუფლების “შეუწყნარებლობის” გამო.
“სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განვითარებული შემაშფოთებელი პროცესები გვაიძულებს მოგმართოთ თქვენ, როგორც პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის [“ნაციონალური მოძრაობის”] უპირობო ლიდერს. ქართულ პოლიტიკაში და სახოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი, და ა.შ.) ინერგება შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ“, ნათქვამია 18 ოქტომბერს გავრცელებულ ღია წერილში.
“განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში თქვენს საჯარო გამოსვლებშიც სულ უფრო მატულობს ოპონენტთა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოხსენიების ფაქტები“.
“სახელმწიფოში ინტელექტუალური დიქტატისა და ერთაზროვნების დამკვიდრების მცდელობას ქვეყანა არა დაჩქარებულ რეფორმებამდე, არამედ ავტორიტარულ მმართველობამდე და სტაგნაციამდე მიჰყავს“, ნათქვამია პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
“საქართველოში არსებული უამრავი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის ფონზე რეალურია საფრთხე, რომ ხელისუფლების მხრიდან დისკუსიის აგრესიული, პიროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი ფორმების დანერგვამ და მოქალაქეთა ფუნდამენტალური უფლებების იგნორირებამ, საზოგადოების კონსოლიდაცია კი არა, პოლიტიკური ოპონირების მძაფრ პიროვნულ დაპირისპირებაში გადაზრდა გამოიწვიოს”, ნათქვამია წერილში.
ღია წერილს ხელს აწერენ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია, ექსპერტი დავით უსუფაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი კავკასიის ინსტიტუტიდან, თამარ ჩიქოვანი რადიო “თავისუფლებიდან“, გაზეთ “რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.